ირაკლი ანთაძე - ერგნეთში გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების საკითხი

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 113-ე შეხვედრა დასრულდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემას ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლება წარმოადგენდა.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, დისკუსია შედგა ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებითაც.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების საკითხი. ამ თემას მიეძღვნა ვრცელი დისკუსია. დავიწყებ იმ პირებიდან, ვინც ყველაზე ხანგრძლივ უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ესენი არიან კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე და მათი გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება ძალიან ინტენსიური კონსულტაციები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, იპრმ-ის ფორმატის მონაწილეებთან და ეს დისკურსი, რა თქმა უნდა, გადავა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც. ჩვენ ვიბრძვით, რომ ისინი უმოკლეს ვადებში დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს პირები არ დაბრუნდებიან საკუთარ ოჯახებში.

რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენ დანარჩენ თანამოქალაქეებს - ლევან პეტრიაშვილს არჩილ ბასნიძესთან ერთად, ორივეს გაუგრძელდა ე.წ. წინასწარი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 19 ივლისამდე. ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფ ილურიძეს შეეფარდა ორთვიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა. რაც შეეხება სერგო გოგოტიშვილს და თამაზ კახაბრიშვილს, შედგა რამდენიმე ე.წ. სასამართლო სხდომა, ეს ე.წ. სასამართლო სხდომები არ დამთავრებულა და როგორც გაგვიზიარეს ინფორმაცია, ჩანიშნულია კიდევ ერთი ე.წ. სასამართლო სხდომის გამართვა, თუმცა თარიღთან დაკავშირებით, შეხვედრის ცხინვალელ მონაწილეებს ინფორმაცია ამ ეტაპზე თავადაც არ ჰქონდათ“, - აღნიშნა ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე მსჯელობისას, შეხვედრის ცხინვალელი მონაწილეების მხრიდან მიდგომა დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, საუბარი იყო უკანონო ბორდერიზაციის საკითხსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, რაც ამ შეხვედრების ფორმატის ერთ-ერთი ნაწილია. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, საუბარი შეეხო ბოლო სხდომებს შორის არსებულ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს. რაც შეეხება პასუხებს, პასუხები იყო ორდინალური, მათ ახალი არაფერი უთქვამთ და ყველაფერი დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოტეტურ „სახელმწიფო საზღვართან“ დაკავშირებით. მათ კვლავ გააჟღერეს სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს თემა, გაჟღერდა ჩვეულ კონტექსტში, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილია ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია აღნიშნული საკითხის მიმართ და ეს პოზიცია არ შეიცვლება“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის