მოსკოვი და სოხუმი ხელს მოაწერენ შეთანხმებას ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ორი დედაქალაქის მცხოვრებლებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას.
ამის შესახებ სოხუმში მოსკოვის სახლის პრესსამსახური იუწყება.
ხელმოწერა მოხდება მოსკოვის მთავრობის დელეგაციის ვიზიტის დროს ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც 7-9 ივლისს იგეგმება.
დელეგაციას ქალაქ მოსკოვის საგარეო ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სერგეი ჩერემინი უხელმძღვანელებს.
„მოსკოვი და სოხუმი ხელს მოაწერენ თანამშრომლობის ხელშეკრულებას. მოსკოვსა და სოხუმს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება მიზნად ისახავს ქალაქებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, ასევე ორი დედაქალაქის მცხოვრებლებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პრესსამსახურში აზუსტებენ, მხარეები აპირებენ თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში.
ასევე აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოსკოვის მთავრობის მინისტრის ჩერემინის შეხვედრა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან და პრემიერ-მინისტრთან ალექსანდრე ანქვაბთან, სადაც ორმხრივი კავშირების განვითარების ყველაზე პერსპექტიულ სფეროებზე იმსჯელებენ, განხილული იქნება ურბანული დაგეგმარება და ტრანსპორტი, ჭკვიანი ურბანული გადაწყვეტილებები და IT ტექნოლოგიები, ბიზნესის მხარდაჭერა, განათლება და მედიცინა.
„იგეგმება მრგვალი მაგიდის გამართვა აფხაზეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების მონაწილეობით.
ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ რუსული ენის შესწავლის, რუსული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებას. დაგეგმილია თანამემამულეთა ახალგაზრდული ასოციაციების, ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერის საკითხების წამოჭრა“, - აღნიშნეს "მოსკოვის სახლში".