უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არაა შეთანხმებული. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის საკითხებში უფროსმა დირექტორმა, ამანდა სლოტმა ბრიფინგზე განაცხადა.
“[აშშ] აგრძელებს მოლაპარაკებებს უკრაინასთან, სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია უკეთ დავარწმუნოთ უკრაინა მის გრძელვადიან უსაფრთხოებაში, რათა ომის შემდეგ ნებისმიერი მომავალი შესაძლო აგრესია შეაკავოს… მაგრამ ჯერჯერობით ეს საუბრები გრძელდება. ამ ეტაპზე, არ შემიძლია იმ დეტალებში შესვლა, თუ რას განვიხილავთ”, - განაცხადა სლოტმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ უკრაინასთან იმ “სტრუქტურებსა და ფორმატებს” განიხილავს, რომლებიც კიევის დახმარებას უფრო ეფექტურს გახდის.