„თბილისი პრაიდი“ - „პრაიდ ფესტივალის“ ფარგლებში არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, დღეს დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალის“ ფარგლებში ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება.

როგორც „თბილისი პრაიდი“ განმარტავს, ღონისძიების ორგანიზატორებს აქვთ მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი დაცული იქნება.

„რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. “გეი აღლუმი” ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

ჩვენი გუნდი უკვე თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული.

ფესტივალზე ველით როგორც ქვიარ თემის წევრებს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები.

მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები პრაიდის ფესტივალის მიმართ. ნუ გახდებით დეზინფორმაციის მსხვერპლი და გამავრცელებელი. დადექით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიყვარულის მხარეს“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პრაიდის ფესტივალის ფარგლებში დახურული ღონისძიება უკვე მესამე წელია ტარდება.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება