საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებს.
ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ გააკეთა.
„ახალი სამხედრო დახმარება მზადდება, რადგან მუდმივად ვითვალისწინებთ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებს“, - აღნიშნა კოლონამ.
მისი თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას.
„საფრანგეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება, რათა უზრუნველყოს მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი ჩვენს გადაწყვეტილებაში, შევასრულოთ ეს ვალდებულება“, - ხაზგასმით აღნიშნა კოლონამ.
რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოში გაწევრიანებამდე, კოლონამ აღნიშნა, რომ ფრანგული მხარე მოელის, რომ ვილნიუსის სამიტი „უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში ალიანსის მხარდაჭერის კონსოლიდაციას“ .