ესპანელი მაშველები კანარის კუნძულების მახლობლად ეძებენ დაკარგულ ნავს, რომელშიც სულ მცირე 200 აფრიკელი მიგრანტი იმყოფებოდა.
მედიის ინფორმაციით, ნავისენეგალის სანაპირო ქალაქ კაფონტინიდან 27 ივნისს გავიდა და კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა. ესპანური საინფორმაციო სააგენტო Efe-ს ცნობით, ნავზე ბევრი ბავშვია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგულია კიდევ ორი ნავი, რომელშიც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. მათ შესახებ ცოტა დეტალია ცნობილი, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთი ნავის ბორტზე დაახლოებით 65 ადამიანია, მეორეზე კი - 60-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე ნავში დაკარგული ადამიანების საერთო რაოდენობა 300-ს აჭარბებს.
ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა Efe-ს განუცხადა, რომ სამძებრო სამუშაოებს თვითმფრინავი შეუერთდა.