უკრაინის თავდაცვის ძალებმა, 10 ივლისის მდგომარეობით, ბახმუტის მიმართულებით 24 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის დეოკუპაცია განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უკრაინელებმა, გასული კვირის შედეგებით კიდევ 4 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა.
„ამ დროისთვის დამცველები ახალ საზღვრებზე მაგრდებიან და რუსების პოზიციებს არტილერიიდან არტყამენ“, - განაცხადა კოვალევმა.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყებიდან, უკრაინის სამხრეთით - ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით, ოკუპაციისგან 169 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გათავისუფლდა.
კოვალევის განმარტებით, გასული კვირის განმავლობაში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინელებმა წინ კილომეტრზე მეტით წაიწიეს.