უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-მ „მთელი სიტუაცია და უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება“.
მისი თქმით, უკვე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კიევმა მიიღოს მიწვევა ვილნიუსის სამიტზე და უკრაინა ნატო-ს წევრებთან მუშაობას ვადებთან დაკავშირებით გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.
„მოწვევის ყველა პირობა აქ, ვილნიუსში უკვე არსებობს, ხოლო თავად წევრობა მოვა, როცა პირობები საშუალებას მოგცემს, მაგრამ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ამ პროცესის წინსვლისთვის", - აღნიშნა კულებამ.
ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას ალიანსისკენ მიმავალ გზაზე „წევრობის სამოქმედო გეგმის“ შესრულების მოთხოვნა მოეხსნა და რომ ქვეყანას ნატო-ში მიიწვევენ, როცა პირობები დაკმაყოფილდება.
„უკრაინის მომავალი ნატოშია - უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე. ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები”,- აღნიშნულია ნატო-ს კომუნიკეში.