თურქეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებას მინიმუმ ოქტომბრამდე ვერ შეძლებს, რადგან თურქეთის პარლამენტის სხდომა შემოდგომამდე არ გაიმართება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსის სამიტის დაწყებამდე ის ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს შეხვდა.
„ჩვენ განვსაზღვრეთ ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას უახლოეს პერიოდში შვედეთის წევრობის პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, საუბარია ორ ქვეყანას შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე, თურქეთის ევროკავშირში მისწრაფების მიმართ შვედეთის მხარდაჭერასა და თურქეთისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნაზე.
„შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების ოქმების დამტკიცების უფლებამოსილება პარლამენტს აქვს. ჩვენი დეპუტატები ყურადღებით დააკვირდებიან [შეთანხმებების შესრულების] პროცესს“, - განაცხადა ერდოღანმა.
კითხვაზე, როდის გამართავს პარლამენტი შვედეთის განაცხადზე კენჭისყრას, ერდოღანმა უპასუხა, რომ ამ საკითხის დეპუტატების დღის წესრიგში დაყენება მხოლოდ საპარლამენტო არდადეგების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. თურქეთის პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ ოქტომბერს იწყება.