საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთსა და ბელარუსს 2024 წლის ოლიმპიადაზე მოსაწვევებს არ გაუგზავნის. ამის შესახებ კომიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
„203 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის მოსაწვევები, რომლებსაც მონაწილეობის უფლება აქვთ, 2023 წლის 26 ივლისს გაიგზავნება. ეს არ შეეხება რუსეთისა და ბელარუსის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს,” - წერია განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სანქციებს უკავშირდება, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსული და ბელარუსული სპორტის წინააღმდეგ მიიღო უკრაინაში შეჭრის გამო. მოსაწვევი ასევე გვატემალის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს არ გაეგზავნება, რომელიც ახლა გაძევებულია ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისგან.
რაც შეეხება რუსი და ბელარუსის სპორტსმენების პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობას, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „შესაბამის დროს“ იქნება მიღებული.