ვლადიმერ პუტინი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციას და არ გაზრდის თავად უკრაინის უსაფრთხოებას, ამიტომ ამაში კარგს ვერაფერს ვხედავ

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციას და არ გაზრდის თავად უკრაინის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „როსია 24“-ის ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ამაში კარგს ვერაფერს ხედავს.

„რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, ამაზე არაერთხელ გვილაპარაკია, ეს საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. ცხადია, ფაქტობრივად, სპეცოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საფრთხე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გაზრდის თვით უკრაინის უსაფრთხოებას და ზოგადად მსოფლიოს გახდის ბევრად უფრო დაუცველს და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა: „ამიტომ ამაში კარგს ვერაფერს ვხედავ“.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია.

პუტინის თქმით, უკრაინას აქვს უფლება უზრუნველყოს უსაფრთხოება, მაგრამ ამან არ უნდა გააუარესოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოება.

„ახლა უსაფრთხოების შესახებ - ჩვენ უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება. და, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება აირჩიოს გზა ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც ყველაზე სწორად მიაჩნია თავისთვის. არსებობს მხოლოდ ერთი შეზღუდვა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოების მიღწევისას არ უნდა იყოს საფრთხე მეორე ქვეყნისთვის“, - განაცხადა მან.

კრემლის ლიდერის თქმით, კიევისთვის ახალი იარაღის მიწოდება უკრაინაში მხოლოდ სიტუაციას გააუარესებს და კონფლიქტს გააჩაღებს.

„ამიტომ, ბრძოლის ველზე შესაძლო ცვლილების თვალსაზრისით, ახალი იარაღის მიწოდება არაფერს მოგვცემს, ეს მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს. უფრო მეტიც, ეს დაამძიმებს უკრაინულ მხარეს და კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს“, - განაცხადა პუტინმა.

„თუ ვინმეს ეს აინტერესებს და, როგორც ჩანს, არიან ასეთი დაინტერესებული მხარეები, მაშინ ეს არის საუკეთესო გზა ამ ამოცანის განსახორციელებლად - კონფლიქტის შემდგომი გაღვივება - ახალი იარაღის მიწოდება“, - დასძინა პუტინმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა