თურქეთის სამხრეთით მდებარე მილას-ბოდრუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ ტყის ძლიერი ხანძარია, რომლის ლიკვიდაციაში ავიაციაა ჩართული. ამის შესახებ თურქეთის სატყეო მეურნეობის გენერალური დეპარტამენტი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა მუღლას პროვინციაში, აეროპორტის მახლობლად, სოფელ აკიოლსა და კემიკლერს შორის არსებულ ტყეში. ამ რაიონში ჰაერის ტემპერატურა ახლა 43 გრადუსს აჭარბებს, პროვინციაში კი ტყის ხანძრები დღეში რამდენიმეჯერმე ხდება.
ხანძრის ჩაქრობაში სულ მცირე 300 მეხანძრე, შვიდი ვერტმფრენი, სამი თვითმფრინავი და რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მონაწილეობს.
თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი იბრაჰიმ იუმაკლი ხანძრის ადგილზე მივიდა.