ეს არ არის ელჩის ფუნქცია, რომ მითითებებს აძლევდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ არ უნდა დაიჭირონ, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან.
პაპუაშვილის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც ასეთ საკითხებზე სათანადოდ რეაგირებენ.
„მითითებები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რაც მეორდება, სამწუხაროდ, რამდენჯერმე, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ეს წარმოადგენს დიპლომატიური მისიის ფუნქციას, რომ მიუთითოს ქართულ მართლმსაჯულებას, ვინ დაიჭიროს, ვინ არ დაიჭიროს და ვის რამდენი მიუსაჯოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შედეგები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ ჰყოფნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო მზაობა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი მოლოდინი არ გვქონდა ამ სამიტიდან. ყურადღება გამახვილებული იყო და ფოკუსში არის უკრაინა და ჩვენ ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, უკრაინა თავად უკმაყოფილოა იმ შედეგით, რომელიც სამიტიდან წაიღეს. გასაგებია, მეორე მხრივ, ნატო-ს წევრი ქვეყნების სიფრთხილე გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ვნახოთ, მთავარია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები თავად ჩამოყალიბდნენ. საქართველოს რაც შეეხება, ის ყველანაირად არის მზად, რომ გახდეს ნატო-ს წევრი. საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაც რეფორმებია კიდევ ჩასატარებელი, ეს არის მხოლოდ საბაბი და საბაბის მოძიება იმისთვის, რომ თავად გამართლდეს, სამწუხაროდ, ნატო-ს არ ჰყოფნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო მზაობა. ამიტომ, ნატო-ს რაც შეეხება ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება. ქართული ჯარი არის სრულად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან, ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. საქართველო ნატო-ს 5,6,7 ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა პარამეტრებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.