უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამარჯვების შემდეგ ყირიმის ხიდზე აფეთქების ორგანიზების ყველა დეტალს გამოავლენენ.
„მედიის მრავალი თხოვნის გათვალისწინებით, ყირიმის ხიდზე მორიგი ინციდენტის შესახებ გაცნობებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აუცილებლად გამოავლენს ყველა დეტალს „ბავოვნას“ ორგანიზების შესახებ ჩვენი გამარჯვების შემდეგ“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, არტემ დეხტიარენკომ.
მისი თქმით, უკრაინის სპეცსამსახურები ინტერესით ადევნებს თვალს, თუ როგორ ვერ გაუძლო კიდევ ერთხელ სამხედრო დატვირთვას პუტინის რეჟიმის ერთ-ერთმა სიმბოლომ.
შეგახსენებთ, წუხელ ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგია. რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ სამსახურში ირწმუნებიან, რომ ყირიმის ხიდს ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, რის შედეგადაც ხიდის საავტომობილო ნაწილი დაზიანდა. უწყება მომხდარს ტერაქტად აფასებს.