უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება, რომელიმე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება გაანადგუროს.
„თუ სადღაც კრემლში ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, იქნება თუ არა სუფრაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში: ეგვიპტეში თუ სუდანში, იემენში თუ ბანგლადეშში, ჩინეთში თუ ინდოეთში, თურქეთში თუ ინდონეზიაში, მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა აჩვენოს, რომ შანტაჟის უფლება არავის არ აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ომის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ნავიგაციის თავისუფლება შავ და აზოვის ზღვებში და თავს დაესხა უკრაინის პორტებსა და მარცვლეულის ტერმინალებს.
"ამის ერთადერთი შესაძლო შედეგი არის სურსათის ბაზრების დესტაბილიზაცია და სოციალური ქაოსი იმ ქვეყნებში, რომლებიც კრიტიკულად არიან დამოკიდებულნი სურსათის იმპორტზე. უკრაინული სურსათი არის ძირითადი უსაფრთხოება ოთხასი მილიონი ადამიანისათვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეთანხმება რუსეთის გარეშე უნდა გაგრძელდეს და ინიციატივის გაგრძელების წინადადებით ოფიციალური წერილები გაუგზავნა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს.
რუსეთმა გუშინ განაცხადა, რომ აჩერებს მონაწილეობას შეთანხმებაში, რომელიც ომის ფონზე უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა. გაერო-ს მონაცემებით, შეთანხმების ფარგლებში, რომელიც თავდაპირველად ერთი წლის წინ თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გაფორმდა, უკრაინის პორტებით თითქმის 33 მილიონი ტონა საკვების ექსპორტი განხორციელდა.