აშშ-მა უკრაინისთვის 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში ოთხი NASAMS საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისი საბრძოლო მასალა, 152 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები და მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალა შევა.
ასევე ნახსენებია აქამდე დაანონსებული Phoenix Ghost და Switchblade დრონები, ისევე როგორც დრონების საწინააღმდეგო და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები.
გარდა ამისა, აშშ უკრაინისთვის საწვავის სატვირთო 150 მანქანას, ტექნიკის ბუქსირებისთვისა და ტრანსპორტირებისთვის 115 ტაქტიკურ მანქანას და ტექნიკის ევაკუაციისთვის 50 მანქანას შეისყიდის.
სამხედრო დახმარების აღნიშნული პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში ხორციელდება, რაც აღჭურვილობის მრეწველობისგან შესყიდვას ითვალისწინებს, რათა არ მოხდეს ამერიკული არმიის მარაგებიდან მისი ამოღება.