უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 38-დან 18 საჰაერო სამიზნე გაანადგურა, რომელიც რუსებმა 20 ივლისის ღამეს გაისროლეს.
„20 ივლისის ღამეს ოკუპანტები კვლავ თავს დაესხნენ უკრაინის სამხრეთ რეგიონებს! ამჯერად რუსული რაკეტების დარტყმის ქვეშ ოდესა და მიკოლაივი მოექცნენ. საერთო ჯამში, მტერმა 38 საბრძოლო მასალა: 19 ფრთოსანი რაკეტა და 19 „კამიკაძე“ დრონი გაისროლა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, რუსული რაკეტების თავდასხმის ქვეშ მოხვდნენ პორტები, ნავსადგურები, საცხოვრებელი კორპუსები და სავაჭრო ქსელები სამხრეთ უკრაინაში.
„საჰაერო ძალებმა 18 საჰაერო სამიზნის განადგურება შეძლეს, კერძოდ, განადგურდა საზღვაო ბაზირების 2 ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი", სახმელეთო ბაზირების 3 ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერ-კ“ და Shahed-136/131 ტიპის 13 დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.