ოდესა. მიკოლაევი. რუსი ტერორისტები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის სიცოცხლის განადგურების მცდელობებს. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები, დაღუპულები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.
მისი თქმით, რუსეთის რაკეტები იმაზე ძლიერი არ არის, ვიდრე უკრაინელების სურვილი, გაიმარჯვონ.
„ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს რაკეტები, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ნება, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და გავიმარჯვოთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს ჩვენს ქალაქებს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ცას! მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეომრის, მაშველის, ექიმის, ადგილობრივი ხელისუფლების, მოხალისეების, ყველასი, ვინც რუსული ტერორის შედეგების აღმოფხვრაში მონაწილეობს! ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ საშინელ დროს და გავუძლებთ რუსული ბოროტების თავდასხმებს“, - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესასა და მიკოლაივზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ოდესაში 8 ადამიანი, მათ შორის 3 მაშველი დაშავდა. მიკოლაივში კი დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი.