უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ხელისუფლებას პასუხობს და აცხადებს, რომ ყველა გემი, რომელიც იმოძრავებს რუსეთის პორტების, ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე პორტების მიმართულებით, სამხედრო ტვირთის გადამზიდავად ჩაითვლება.
"უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან შავ ზღვაში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო პორტების მიმართულებით მცურავი ყველა გემი უკრაინამ, შესაძლოა, განიხილოს, როგორც ყველა შესაბამისი საფრთხის შემცველი სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადამზიდავი“, - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული კრეისერ „მოსკვას“ ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა და უკრაინის ქერჩ-იენიკალის სრუტის ტერიტორიებზე ნაოსნობა შეფასებულია როგორც სახიფათო და 2023 წლის 20 ივლისის 05:00 საათიდან აკრძალულია.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2023 წლის 20 ივლისიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაზე უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი, ის სახელმწიფოები კი, რომლის დროშის ქვეშაც ასეთი გემები იმოძრავებენ, ჩაითვლებიან უკრაინის კონფლიქტში, კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულ სახელმწიფოებად.