უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საბერძნეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა.
"დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობა და ეს არის მეორე საკონსულო დაწესებულება ოდესაში, რომელიც რუსული ტერორის შედეგად დაზიანდა. სულ რაღაც სამი დღის წინ, კიდევ ერთმა ასეთმა თავდასხმამ ჩინეთის საკონსულოს შენობა დააზიანა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ოდესაში მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ზელენსკიმ ისაუბრა ოდესის წმინდა ფერისცვალების საკათედრო ტაძარზე, რომელსაც რუსული X-22 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა.
"უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ტაძარი. 1936 წელს ის გაძარცვეს და გაანადგურეს ბოლშევიკებმა. უკვე დამოუკიდებელ უკრაინაში ტაძარი აღადგინეს. ახლა კი ტერორისტები მის დანგრევას ისევ ცდილობენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინა-ნატო-ს საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მასთან საუბრის შემდეგ მოიწვია, ოთხშაბათს გაიმართება.