ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის პერიფერიაზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები დააფიქსირეს, - ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე ასეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა არ შეესაბამება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოების სტანდარტებს.
„როგორც ადრე აღვნიშნე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ადრე ჰქონდა ინფორმაცია ტერიტორიის პერიმეტრის გარეთ და ასევე შიგნით, კონკრეტულ ადგილებზე ნაღმების არსებობის შესახებ. ჩვენმა გუნდმა ეს საკითხი ელექტროსადგურის ხელმძღვანელობასთან განიხილა და უთხრეს, რომ ეს არის სამხედრო გადაწყვეტილება და სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ ადგილზე ასეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა არ შეესაბამება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოების სტანდარტებს და ბირთვული უსაფრთხოების მითითებებს და ქარხნის პერსონალზ დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.
ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ აგრძელებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების სახურავებზე დაშვების მოთხოვნას, მათ შორის მე-3 და მე-4 ენერგობლოკებზე, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი არსებობს.