ისრაელში, სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, ექიმები გაფიცვას გეგმავენ

ისრაელში ექიმები პარლამენტის მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ და გაფიცვას გეგმავენ.

ისრაელის სამედიცინო ასოციაციის ინფორმაციით, რომელიც აცხადებს, რომ ექიმების დაახლოებით 95%-ს წარმოადგენს, ქვეყანაში დღეს 24-საათიანი საპროტესტო აქცია დაიწყება და გამონაკლისი იქნება სამედიცინო დახმარების სამსახური იერუსალიმში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, ორშაბათს ღამით იერუსალიმში პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებში 20 000-მდე დემონსტრანტი გამოვიდა. „არასოდეს დავნებდებით“, „არ ვემსახურებით დიქტატორს“, „დემოკრატია ან ამბოხება“, „გადავარჩინოთ ისრაელი ნეთანიაჰუსგან“ -სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია სულ მცირე 19 ადამიანი.

ათასობით ადამიანმა გამართა საპროტესტო აქცია თელ-ავივის ცენტრში. აქციის დროს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია სულ მცირე რვა ადამიანი.

შეგახსენებთ, ისრაელის ქნესეთმა სასამართლო რეფორმის ფარგლებში სადავო კანონპროექტი გუშინ, 64 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კანონპროექტის ნეთანიაჰუს კოალიციის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს შეძახილებით : "სირცხვილი!"

კანონპროექტის თანახმად, ისრაელის უზენაეს სასამართლოს მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმების უფლება აღარ ექნება.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება