სირიაში რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ამერიკული დრონი დააზიანა. ამის შესახებ განცხადებას ამერიკული CENTCOM საჰაერო ძალების მეთაური ალექს გრინკევიჩი ავრცელებს.
მისი თქმით, ინციდენტი 23 ივლისს დილით მოხდა. გრინკევიჩის ინფორმაციით, როდესაც ამერიკული MQ-9 დრონი “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების განადგურების ოპერაციას აწარმოებდა, რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა პროვოკაციებს მიმართეს.
რუსული თვითმფრინავები დრონს მიუახლოვდნენ და მისგან რამდენიმე მეტრში სასიგნალო რაკეტები გაუშვეს, რომელთაგან ერთ-ერთი დრონს მოხვდა და ხრახნი დაუზიანა. მისი თქმით, დრონმა ფრენის გაგრძელება შეძლო და უსაფრთხოდ დაბრუნდა ბაზაზე.
“რუსული ავიაგამანადგურებლის მხრიდან ფრენების უსაფრთხოების აშკარა უგულებელყოფა გვაცდენს ჩვენი მისიისგან, რომელიც დაეშის საბოლოო განადგურებისკენაა მიმართული. სირიაში რუსულ ძალებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ ბოლო მოუღონ ამ უგუნურ, მაპროვოცირებელ და არაპროფესიონალურ საქციელს”, - განაცხადა გრინკევიჩმა.