დასავლეთ აფრიკის ქვეყნის ნიგერის ჯარისკაცებმა ეროვნული ტელევიზიით სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განცხადება გააკეთეს.
მათი თქმით, გადააყენეს ნიგერის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი, გააუქმეს კონსტიტუცია, შეაჩერეს ყველა ინსტიტუტის მუშაობა და ჩაკეტეს ქვეყნის საზღვრები.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მოჰამედ ბაზუმს ესაუბრა და გაერო-ს სრული მხარდაჭერა შესთავაზა. ნიგერის პრეზიდენტს ურყევ მხარდაჭერას დაჰპირდა შეერთებული შტატებიც.
ნიგერი ორ ისლამისტურ აჯანყებას ებრძვის. ერთს სამხრეთ-დასავლეთში და მეორეს სამხრეთ-აღმოსავლეთში. ქვეყანაში აქტიურობენ როგორც ალ-ქაიდას, ასევე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირე ბოევიკები.
პრეზიდენტი ბაზუმი, რომელიც 2021 წელს დემოკრატიულად აირჩიეს, საფრანგეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების ახლო მოკავშირეა. ნიგერში 1960 წლიდან, საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოთხი გადატრიალება მოხდა.