ამერიკული Abrams-ის ტანკების პირველი პარტია უკრაინაში ბრძოლის ველზე, შესაძლოა, მიმდინარე წლის სექტემბერში გამოჩნდნენ, - ამის შესახებ Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, აშშ აგვისტოში Abrams-ის რამდენიმე ტანკის გერმანიაში გაგზავნას გეგმავს, სადაც ისინი საბოლოო მოდიფიკაციას გაივლიან. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, სექტემბერში, ტანკები უკრაინაში გაიგზავნება.
Politico-ს თავდაცვის ინდუსტრიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და კონგრესის თანაშემწემ განუცხადა, რომ Abrams-ის პირველი პარტია მოიცავს 6-8 ტანკს. საერთო ჯამში კი აშშ 31 ტანკის გაგზავნას გეგმავს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, რომ ისინი უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად ჩავიტანოთ,” - განუცხადა გამოცემას პენტაგონის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მარტინ ო’დონელმა, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაასახელა.
Politico-ს ინფორმაციით, სანამ უკრაინელი სამხედროები ტანკების გამოყენებას დაიწყებენ, მათ უნდა გაიარონ სწავლების კურსი, რომელიც გერმანიის გრაფენვერის სამხედრო ბაზაზე დაახლოებით 10 კვირას გაგრძელდება. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, უკრაინელების აღნიშნული წვრთნების დასრულება აგვისტოში იგეგმება.