უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულის" განხორციელების თაობაზე სახელმწიფოთა ლიდერების მრჩეველთა შემდეგი შეხვედრა მალე საუდის არაბეთში გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადაა.
მისი თქმით, მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად უკრაინული მხარე იყენებს სამფაზიან სტრუქტურას. პირველი ეტაპი არის შეხვედრები უკრაინაში აკრედიტებულ ელჩებთან, რომლებიც ეძღვნება ფორმულის თითოეული პუნქტის დეტალურ განხილვას.მეორე ეტაპის ფარგლებში უკრაინა ორგანიზებას უწევს შეხვედრებს, რომლებშიც მონაწილეობენ სახელმწიფოთა ლიდერების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რათა მოიძიონ ოპტიმალური ფორმულირებები და მექანიზმები უკრაინის სამშვიდობო გეგმის განხორციელებისთვის.
"ჩვენ პირველი ასეთი შეხვედრა ჩვენს დანიელ კოლეგებთან ერთად მოვაწყვეთ. ის კოპენჰაგენში ივნისში შედგა. მომდევნო შეხვედრა მალე გაიმართება და მას საუდის არაბეთის ქალაქი უმასპინძლებს. მადლობას ვუხდით ორივე სამეფოს ლიდერობისთვის და უკრაინის ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა ერმაკმა.
მისი განმარტებით, "მშვიდობის ფორმულაზე" შეთანხმების მიღწევის მესამე ეტაპი იქნება გლობალური სამიტი სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე, რომელიც შესაძლოა წლის ბოლომდე ჩატარდეს.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი 5-6 აგვისტოს უკრაინაში ომის დასრულების საკითხებთან დაკავშირებით მეორე შეხვედრას უმასპინძლებს, რომელზეც 30 ქვეყნის წარმომადგენელია მოწვეული.