ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საგარეო ვაჭრობის ზრდა და ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ამოცანებია, მაგრამ ეს უნდა კეთდებოდეს საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დღეს ეს ასე არ არის , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტსა და სტრატეგიული პარტნიორების შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხმაურება.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ორმხრივი შეთანხმების დოკუმენტი ცდება ვაჭრობის საკითხს და რეალურად მულტი-ვექტორულ პოლიტიკას გვთავაზობს, რაც ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი საქართველოს ძირითადი საგარეო ვექტორი და მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც დასავლეთი, ჩინეთი და რუსეთი დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ.
„ღარიბაშვილმა ღიად შეაქო ისეთი ინიციატივები, როგორიცაა „ერთი სარტყელი - ერთი გზა", დოკუმენტი კი მხარდაჭერას უცხადებს „გლობალური განვითარების ინიციატივას". ჩინური საგარეო პოლიტიკის ეს პაკეტები ფართოდ აღიქმება, როგორც დასავლეთის საპირწონედ ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების ზრდის ინსტრუმენტი. მაშინ როდესაც დასავლეთსა და ჩინეთს შორის მზარდი დაპირისპირებაა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღიად აქებს ჩინეთის გავლენების გაფართოების მექანიზმებს. ეს არის პირდაპირი გამიჯვნა იმ საერთო ღირებულებებისა და ინტერესებისგან, რაც საქართველოს და დასავლეთს აერთიანებს.
ჩინეთი აქტიურად მუშაობს ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად. „ალტერნატივა" - ეს არის ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ე.წ. სამი A-ს ერთ-ერთი კომპონენტი. ეს ალტერნატივა არის ჩინეთისთვის ხელსაყრელი ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ღირებულებითი თვალსაზრისით სავსებით არ არის თანხვედრაში წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგთან, რაც ტრადიციულად საქართველოს და მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების ძირითად ინტერესებშია. ისმის კითხვა: როგორ შეიძლება ეს თავსებადი იყოს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებთან? ჩინეთს არაერთგზის დაუფიქსირებია, რომ NATO-ს გაფართოებას ეწინააღმდეგება, საქართველოსთვის კი ეს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. როგორ არის ეს თავსებადი სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში?
შეთანხმების დოკუმენტში კიდევ მრავალი კითხვის ნიშანია. ჯერ ერთი, თუკი საქართველო აღიარებს „ერთი ჩინეთის პრინციპს", რატომ არ არის იქვე ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით? მეორეც, რას გულისხმობს სტრატეგიული ურთიერთობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში, მაგალითად, მოახდენს თუ არა ჩინეთი ზეწოლას რუსეთზე საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებით? ან რას გულისხმობს ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის და შუა კორიდორის მხრივ ჩინეთის გააქტიურება - ჩინეთისთვის სტრატეგიული ობიექტების, მაგალითად ანაკლიის, სრულ გადაცემას? ასევე საინტერესოა, რას ნიშნავს მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლა ერთპარტიულ ჩინეთთან, მაშინ როდესაც ასოცირების ხელშეკრულების და ევროკომისიის რეფორმებს უნდა ატარებდეს? რატომ იღებს საქართველოს ამდენ ცალმხრივი ვალდებულებას საგარეო პოლიტიკის კუთხით, მაშინ როდესაც ის აპირებს გახდეს ევროკავშირის წევრი და იმ საერთო საგარეო-უსაფრთხოების თანაზიარი, რაც ევროპულ ოჯახს აქვს?
ეს შეთანხმება არც პრაგმატიზმის გამოხატულებაა და მითუმეტეს არც ღირებულებებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკისა. ეს არის შეთანხმება, რომელიც არ არის და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. არასწორ დროსა და არასწორ კონტექსტში, საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა შორს დასავლეთისგან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალს. ეს არც პრაგმატიზმია და არც ღირებულებაზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ, რომლის კომენტარსაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.