ირაკლი კობახიძე - რაც შეეხება ჩინეთის ინტერესებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს - ჩვენთვის ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელი იქნებოდა

თუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რას უკავშირდება განცხადება, რომლის მიხედვითაც, ჩინეთს, შესაძლოა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პირადი კომერციული ინტერესი ჰქონდეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის დამოკიდებულება იმით აიხსნება, რომ ამერიკა ანაკლიის პორტის პროექტში თავის კომერციულ ინტერესს ვერ ხედავს, რადგან მათ, წლების განმავლობაში ამ პროექტისთვის არანაირი ინვესტიცია არ განუხორციელებიათ.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობისას ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პარტნიორთან კონსულტაციების რეჟიმში ვიქნებით. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან პარტნიორობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს უშლის, არ ვიცი რაზე მიანიშნებს. მთავარია ის, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მეტად რეალიზებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება ჩინეთის ინტერესებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რასაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ახსენებს, თუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს. მე არ ვიცი, რა არის მიზეზი, თუმცა ანაკლიის პორტში დღემდე არცერთი ინვესტიცია არ განხორციელებულა. თავის დროზე, როდესაც ეს პროექტი მამუკა ხაზარაძეს ებარა, მან ვერცერთი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოახერხა. ახსნადია ის, რომ ამერიკა შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტში თავის კომერციულ ინტერესს ვერ ხედავს. ზრუნვა ინვესტიციით გამოიხატება. ამერიკას ამ მიმართულებით არავითარი პრაქტიკული ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც სამწუხაროა. ჩვენთვის ნებისმიერი ინვესტიცია ძალიან მისასალმებელი იქნებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია