კახა გოგოლაშვილი - ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა შეიცავს გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს, მაგრამ ამავე დროს, დიდ პოლიტიკურ რისკებს -  შეთანხმება უფრო მეტად ჩინეთისთვისაა მომგებიანი, ვიდრე საქართველოსთვის

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა შეიცავს გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდ პოლიტიკურ რისკებს, რომ ამის გამოყენებით ჩინეთი შეიძლება შეეცადოს საქართველო თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს, ეს გააკეთოს ელიტების, მმართველი პოლიტიკური ძალების თავის მხარეზე გადაბირებით, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს შეთანხმება უფრო მეტად ჩინეთისთვისაა მომგებიანი, ვიდრე საქართველოსთვის.

„გარკვეულწილად, ეკონომიკური შედეგი შეიძლება დადებითი ჰქონდეს, თუმცა ეს შეთანხმება უფრო მეტად ჩინეთისთვისაა მომგებიანი, ვიდრე საქართველოსთვის. პოლიტიკურს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩინეთთან პოლიტიკური დაახლოება არის დემოკრატიისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის სარისკო, პირველ, რიგში, იმიტომ, რომ თავად ჩინეთი ცდილობს იმ ქვეყნების ელიტებთან ურთიერთობის გაღრმავებას, მათ მოსყიდვასა და საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ პოლიტიკური ინსტიტუტების გამოყენებას, რომელ ქვეყნებთანაც თანამშრომლობს. ასევე, პრობლემატურია ის, რომ ჩინეთი, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა ფორმდება, დემოკრატიულ ღირებულებებს არ აცნობიერებს და არ ცნობს. პრაქტიკაში არანაირი ხელშეწყობა იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ამ დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა აქ არ შეიძლება იყოს.

რაც შეეხება საერთაშორისო განზომილებას, ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთი და ევროკავშირი, დასავლეთი ერთმანეთთან დაპირისპირებული ურთიერთობების რეჟიმში იმყოფებიან. ამ ვითარებაში, როცა ჩვენ ჩინეთს ვპირდებით, მათთან საერთაშორისო საკითხებზე გვექნება კონსულტაციები და შევეცდებით ერთიანი აზრი გაგვაჩნდეს, ეს აბსოლუტურად მიუღებელიც კია. ის არ ცდილობს დემოკრატიის ხელშეწყობას, არ ფიქრობს ისეთი სფეროების განვითარებას, რომლებიც ხალხის მმართველობას დაამკვიდრებს იმ ქვეყნებში, რომელთანაც თანამშრომლობს.

ამასთან, შესაძლოა, ჩვენთვის ჩინური ინვესტიციები სასარგებლო იყოს, იგივე რკინიგზის განვითარების სფეროში, ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში, მაგრამ აქ არის გარკვეული საშიშროება იმის, რომ რკინიგზის განვითარების სანაცვლოდ, ჩინეთმა ანაკლიის პორტზე კონტროლი ან ნებისმიერ სხვა საზღვაო პორტში თავისი ტერმინალის აშენება მოგვთხოვოს. ეს არის გარკვეულწილად ჩვენთვის რისკის შემცვლელი. ამას დაემატება იგივე შეერთებული შტატებისა ან ევროპული სახელმწიფოების უკმაყოფილება. პრაქტიკულად, ჩინეთი, კიდევ ერთი ავტორიტარული სახელმწიფო, გადის შავ ზღვაზე მოთამაშედ. ეს შედის კონკურენციაში ევროპასა და ამერიკასთან. ეს არის რისკის შემცვლელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.

მთლიანობაში, ჩინეთი ცდილობს შუა აზიაზე თავისი გავლენის მოპოვებას და მიაღწია კიდეც. პრაქტიკულად, რუსეთის გავლენისგან ნელ-ნელა ათავისუფლებს შუა აზიას, მაგრამ საკუთარ გავლენას ავრცელებს. ჩინეთისთვის ასევე მნიშვნელოვანია კავკასია იმიტომ, რომ რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები ძალიან მინიმუმზეა დასული. შეიძლება დიდი ხანი არ აღდგეს რუსეთზე გამავალი ტრანზიტი ევროპისკენ. თურქეთ-ირანის ურთიერთობებიც დაძაბულია და არ არის ეს დერეფანი მათთვის პოლიტიკურად სტაბილური. რჩება სამხრეთ კავკასიის დერეფანი, რომელიც შესაძლოა, რომ ჩინეთმა ჩაიფიქრა, რაც შეიძლება მეტად განავითაროს, იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ევროპასთან უფრო მძლავრი ინფრასტრუქტურა თავისი სავაჭრო ბრუნვის მხარდასაჭერად. მაგრამ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მას სჭირდება პოლიტიკური გავლენების განვითარება და გაზრდა, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით. მგონია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა შეიცავს გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პოლიტიკურ რისკებს, რომ ამის გამოყენებით ჩინეთი შეიძლება შეეცადოს საქართველო თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს, ეს გააკეთოს ელიტების, მმართველი პოლიტიკური ძალების თავის მხარეზე გადაბირებით“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს: პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობა; საერთაშორისო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი