უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 10 749 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის და 15 599 დაშავებულის შესახებ მონაცემები დაადასტურა. ამის შესახებ პროკურატურის შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ბელუსოვმა, „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა, როცა უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა გაეროს მონაცემები დაღუპულ და დაჭრილ უკრაინელებზე.
„ჩვენ გვაქვს 10749 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის და 15 599 დაჭრილის დადასტურებული ინფორმაცია. აქედან 499 დაღუპული ბავშვია, 190 ბავშვი დაშავებულია. ჩვენ გვესმის, რომ ეს რიცხვები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. როდესაც ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, რიცხვი ბევრად გაიზრდება და შესაძლოა, ათჯერაც. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ მარიუპოლში ათიათასობით დაღუპული იქნება“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საფრთხე ყოველთვის იქნება. „რუსებს შეეძლოთ ხელახლა დაეკრძალათ, გაეტანათ, ცხედრებს კი ჩვენ ვერ ვიპოვით. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ბელუსოვმა.
მისი თქმით, უკრაინის პარტნიორების წყალობით საიდენტიფიკაციო სისტემა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
„ლაბორატორიების რაოდენობა, დნმ-ის ანალიზის შესაძლებლობა - ეს ახლა შეუდარებელია იმასთან, რაც ადრე გვქონდა. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მიერ აღმოჩენილი ცხედრებით მაინც შევძლებთ მათ იდენტიფიცირებას, მაგრამ იქნებიან ისეთებიც, რომლებიც უნდა ვეძებოთ. ვინაიდან, შეიძლება ვინმე მოკლეს და წაიყვანეს სხვა ქვეყანაში, დაკრძალეს რუსეთში ან ბელარუსში“, - აღნიშნა პროკურატურის წარმომადგენელმა.