უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის განცხადებით, რუსულ ხომალდებზე საზღვაო დრონებით მიტანილი იერიშები კანონიერია, რადგან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ხორციელდება.
აღნიშნული განცხადება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა Facebook-ზე გაავრცელა.
მისივე თქმით, რუსეთის ხომალდებზე ან ყირიმის ხიდზე ნებისმიერი დარტყმა მტრის მიმართ აბსოლუტურად ლოგიკური და ეფექტური ნაბიჯია.
„ამიტომ, თუ რუსეთს ასეთი დარტყმების შეწყვეტა სურს, ერთადერთი შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ - დატოვონ უკრაინის ტერიტორიული წყლები და მიწა და რაც უფრო მალე გააკეთებენ, მათთვის უკეთესია“, - აღნიშნა მალიუკმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს შავ ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა ქერჩის სრუტეში მოხდა.