უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ოფიციალურმა კიევმა შავ ზღვაში არსებული ექვსი რუსული პორტის აკვატორია სამხედრო საფრთხის ზონად გამოაცხადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარია ანაპის, გელენჯიკის, ნოვოროსიისკის, ტუაფსეს, სოჭის და ტამანის პორტებზე.
შეგახსენებთ, რომ მდგომარეობა შავ ზღვაში რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ დაიძაბა. ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებში მიმავალ ყველა გემს სამხედრო მიზნად აღიქვამს.
საპასუხოდ კი, კიევმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველა გემი, რომელიც უკრაინის მიერ არაკონტროლირებად პორტებში მიემგზავრება, სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადამზიდად ჩაითვლება.