ევროპის საბჭო - ევროპის საბჭო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას - ძალისხმევას არ დავიშურებთ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს კონფლიქტის შედეგების მოგვარებაში

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის 15 წლისთავზე, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, ევროპის საბჭო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ისევე როგორც მის სამხედრო ყოფნას რეგიონში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

„ღრმად შეშფოთებული ვარ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, რომელიც კვლავ განიცდის კონფლიქტის საზიანო შედეგებს, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში. მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, კვლავ სერიოზულად ირღვევა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გამო, რომლის მომსწრეც ვიყავი ამ მხარეში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, 3 ივლისს. როგორც სახელმწიფომ, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება და აღმოფხვრას ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევა. ეს მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პირობების შექმნას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ ევროპის საბჭო ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მტკიცე ერთგულია.

„ევროპის საბჭო ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მტკიცე ერთგულია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავს. ამ კუთხით, ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას მხარი დავუჭიროთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს კონფლიქტის შედეგების მოგვარებაში, ხელი შევუწყოთ შერიგებას, დიალოგს და ადამიანის უფლებების დაცვას ნდობის აღდგენის ღონისძიებების პროგრამის მეშვეობით", - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო