გარემოს ეროვნული სააგენტო, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო უწყება იმოქმედებს კოორდინირებულად და ორკესტრირებულად იმისთვის, რომ დაფაროს ნებისმიერი დანაშაული - ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვითხოვოთ დამოუკიდებელი გამოძიება ერთი მხრივ, რა პრევენციული ღონისძიებები ხორციელდებოდა და მეორე მხრივ, რამდენად ეფექტიანი საპასუხო მოქმედებები განახორციელა ხელისუფლებამ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული პირველადი დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან განსაკუთრებით ასე სწრაფად დადებულ დასკვნაზე, რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება.
„გარემოს ეროვნული სააგენტო, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო უწყება იმოქმედებს კოორდინირებულად და ორკესტრირებულად იმისთვის, რომ დაფაროს ნებისმიერი დანაშაული, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო შემადგენელი ნაწილი ან უმოქმედობისა და მონიტორინგის არარსებობისა, ან შემდეგ არაეფექტიანი პასუხისა, რომელიც მოეთხოვებოდა სახელმწიფო უწყებებს. ამიტომ ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან განსაკუთრებით ასე სწრაფად დადებულ დასკვნაზე, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები და შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვითხოვოთ დამოუკიდებელი გამოძიება წინასწარი მოქმედების, ანუ ერთი მხრივ, რა პრევენციული ღონისძიებები ხორციელდებოდა და მეორე მხრივ, რამდენად ეფექტიანი საპასუხო მოქმედებები განახორციელა ხელისუფლებამ. ამაზეა საუბარი, თორემ ბუნებრივია, მაშინ როდესაც მეწყრული პროცესი ვითარდება, ამის შეჩერება უკვე შეუძლებელია," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.