ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, უკრაინის საკითხზე საუდის არაბეთში ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა, ომის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება გააძლიერა.
Financial Times-ის ცნობით, შეხვედრაზე ჩინეთის წარმომადგენლები „კონსტრუქციულები“ იყვნენ და „იმის დადასტურებას ცდილობდნენ, რომ ჩინეთი რუსეთი არ არის“.
გამოცემას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ევროპელი დიპლომატის სიტყვები მოჰყავს, რომლის განცხადებით, „ის, რომ ჩინეთი ამ მოლაპარაკებებს ესწრებოდა ადასტურებს, რომ რუსეთი უფრო და უფრო იზოლირებული ხდება“.
ასევე, ჩინეთის დელეგაციამ მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზაობა გამოთქვა, რომელზეც, დიდი ალბათობით, რუსეთი მიწვეული ისევ არ იქნება.
შეგახსენებთ, 5-6 აგვისტოს, საუდის არაბეთში ორდღიანი სამიტი გაიმართა, რომელზეც 42 ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის მშვიდობიანად დასრულების გზები განიხილეს.