პრემიერი - აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა იმ ფონზე, „როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს“.

„მინდა პირველ რიგში ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენს დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩვენი ღრმა სამძიმარი. ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს. ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავს დაატყდა. ეს იყო უმძიმესი განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 2 ათასზე მეტი დაიჭრა და ამ ომით ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ. 150-მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული, დამატებით რამდენიმე სოფელი, კოდორის ხეობა დავკარგეთ. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ასევე, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებით ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ვიცი ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს. გმირობის უამრავი მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და მომავალ თაობას. მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ გაქცეული, თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული. ძალიან დიდი სირცხვილი ნახა მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, იმჟამინდელ ხელისუფლებას არ ანაღვლებდა დაღუპული გმირები და ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა.

„მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას გვაქვს-რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე? რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი? რატომ ვერ მოხდა თავის დროზე ამ ომის სათანადო პრევენცია? რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება? ამას პატარა ბავშვი მარტივად გათვლიდა იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც ამ პროვოკაციებს მოჰყვებოდა, რომელიც ომამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. მთელი ამ კითხვების ერთობლიობა ერთ რამეზე მიგვითითებს, რომ ეს იყო ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის დაცვაზე, არც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, არამედ ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უღალატა ჩვენ მოსახლეობას, ხალხს, ჩვენს გმირებს. გახსოვთ, რომ ჩვენი გმირ სამხედროების ცხედრები უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიატოვეს და არც კი დაინტერესდნენ. რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. აი, ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და აგრესორი იყო, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით და ვიცით. მთელმა მსოფლიომ იცის. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შემუშავებული გვაქვს სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა რამაც ჩვენი ქვეყანა ტერიტორიების დეოკუპაციამდე და საბოლოო გამთლიანებამდე უნდა მიიყვანოს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა და მწამს. ჩვენ ამ დიდ მიზანს ყოველდღე ვუახლოვდებით“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა