15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე - ეს ღალატი არასოდეს არ ეპატიება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგეს.
მისივე თქმით, ყველაფერი შედეგებით უნდა შეფასდეს.
„15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, 15 წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ეს არის ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა ამასთან ერთად ეს დღეები ჩვენ სიამაყითაც გვავსებს იმ გმირების თავგანწირვის გამო, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს, ქართველი კაცის, ქართველი ჯარისკაცის გმირული სული. მადლობა მათ ამისათვის და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ახდება ის ოცნება, რომელსაც შესწირეს თავი ამ ადამიანებმა. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, გაერთიანდება, ეს იყო მათი ოცნება და ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირების სულები.
თქვენ იცით, რომ წლები გრძელდებოდა სამართლებრივი დავა. ერთი დავა ეხებოდა ადამიანის უფლებების დარღვევას, მეორე დავა ეხებოდა სამხედრო დანაშაულს. მიუხედავად მტკიცებულებების გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემა შეიქმნა წინა ხელისუფლების მიერ ჩვენ მოვახერხეთ იმის დამტკიცება, რომ ქართველ სამხედროებს სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენიათ და ადამიანის უფლებების დარღვევა ქართველი სამხედროების მხრიდან არ ყოფილა.
უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით - თქვენ იცით, რომ 2004-2012 წლებში რუსეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი გავლენა საქართველოში, რაც პირველ რიგში გამოიხატა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით და ეს იყო სწორედ იმ ღალატის შედეგი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამ ღალატს ჰქონდა განგრძობითი ხასიათი, მათ შორის, შემიძლია გავიხსენო კანონი, რომელიც მათ მიიღეს ე.წ. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თაობაზე, რითაც აღადგინეს ძველი, კომუნისტების დროინდელი საზღვრები, რომელიც გამსახურდიას დროს გაუქმდა, ჩაატარეს ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები და აღარ მინდა ეს ყველაფერი გავაგრძელო, ეს იყო ღალატი, რომელიც განგრძობით ხასიათს ატარებდა და ამ ღალატის კულმინაცია იყო ის, რომ რუსეთმა მოახერხა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ეს ღალატი არასოდეს ეპატიება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის რეჟიმი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფერი შედეგებით უნდა შეფასდეს, მაშინ ჩადენილი იყო ღალატი და ამ ღალატის კულმინაცია ასევე იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული, რაც იყო კატასტროფა, ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს. ეს ღალატი ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე მაშინდელმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა“, - განაცხადა კობახიძემ.