ზურაბ ბატიაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობისთვის 7 აგვისტოა ომის დაწყების თარიღი - რუსებს სჭირდებათ 8 აგვისტოს წამოწევა, რათა საერთაშორისო არენაზე თქვან, რომ როცა ქართული სამხედრო ნაწილები შევიდა, მხოლოდ შემდეგ დაიძრა რუსული არმია

საერთაშორისო თანამეგობრობისთვის 7 აგვისტო ხაზგასმით არის ოკუპაციის და ომის დაწყების თარიღი - სამწუხაროდ, ვინც საქართველოში ამბობს, რომ 2008 წლის ომი 8 აგვისტოს დაიწყო, ზოგი შეგნებულად და ზოგი შეუგნებლად რუსეთის საქმეს აკეთებს, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს წამოწევა რუსული პროპაგანდის ნაწილია.

„შიდა პოლიტიკურ გარჩევებში არ შევალ. მე განვიხილავ იმას, თუ რა მოხდა რეალურად. რა შედეგები ჰქონდა საერთაშორისო არენაზე. რეალობა არის ის, რომ 7 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის საოკუპაციო ჯარი და შესაბამისად, 7-ში გადაკვეთა საქართველო-რუსეთის საზღვარი. ნებისმიერ საერთაშორისო სამართალში ასეა, როდესაც შენ გადალახავ ქვეყნის საზღვარს, მაშინ იწყება ომი, შესაბამისად, შეიარაღებული კონფლიქტი.

რაც შეეხება თარიღების მნიშვნელობას, არის ის, რომ რუსებს სჭირდებათ 8 აგვისტოს წინ წამოწევა, რათა საერთაშორისო არენაზე თქვან, რომ როდესაც ქართული სამხედრო ნაწილები შევიდა იქ, მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრა რუსული არმია, ეს სჭირდებათ იმ ტყუილის გასამართლებლად, რომლითაც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ. ეს მცდელობა არის უშედეგო.

თუ შევხედავთ უცხოელი პოლიტიკოსების, თუ ქვეყნების შეფასებებს, სწორედ გუშინ გაკეთდა, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის 7 აგვისტო ხაზგასმით არის ოკუპაციის და ომის დაწყების თარიღი. სამწუხაროდ, ის ვინც საქართველოში ამბობს, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო ზოგი შეგნებულად და ზოგი შეუგნებლად რუსეთის საქმეს აკეთებს. ეს არის რეალობა. მე შიდა პოლიტიკურ განხილვებში არ შევდივარ. ხელისგულზე ძალიან ნათლად დევს, რომ 7 აგვისტო არის ომის დაწყების თარიღი 8 აგვისტო არის რუსული პროპაგანდის ნაწილი“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად