დეზინფორმაციით გავრცელება არის ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც სახელმწიფოებმა სხვადასხვა დროს რეცეპტი და წამალი მოუძებნეს - ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი გვაქვს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილის თქმით, დეზინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა, რაც ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დგას.
მისივე აზრით, „თუ კანონის მიღება იქნება საჭირო, უნდა მივიღოთ".
„რა არის დეზინფორმაციის მიზანი? - ტყუილის მასიურად გავრცელების გზით საზოგადოებაში უნდობლობის, დაბნეულობის, ნიჰილიზმის და დაქსაქსულობის შეტანა, რაც ყოვლად მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფოებმა სხვადასხვა დროს რეცეპტი და წამალი მოუძებნეს. ვფიქრობ, რომ გარკვეული ქცევის კულტურა და სტანდარტები უნდა იყოს, რომ დეზინფორმაციას დეზინფორმაცია დაერქვას და მისი გარჩევადობა ძალიან მაღალი იყოს. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი გვაქვს. თუ ეს არ გაკეთდება, დეზინფორმაციის ჭაობში ყველაფერი ჩაეფლობა და საბოლოოდ ადამიანები ვეღარ დაიჯერებენ იმას, რომ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას რაიმე ღირებულება და ფასეულობა გააჩნია. ეს არის ის, რაც სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიული არჩევანის თავისუფლებას კლავს და საზოგადოებას გარდაუვალი დაპირისპირებისთვის ამზადებს.
კი არ უნდა ვიბრძოლოთ, იქნებ, ცოტა განვითარდეთ, რათა დეზინფორმაცია ჩვენი დღის წესრიგი არ გახდეს. თუ ამ განვითარებაში საუკეთესო ევროპული გამოცდილება დაგვეხმარება და ევროპულ გამოცდილებას რუსულ გამოცდილებად არ შევაფასებთ და ევროპულ სტანდარტებს მივიღებთ, მაშინ ალბათ, უფრო დალაგებულ და პროგრესულ საზოგადოებას მივიღებთ.
თუ განვითარების ამ გზაზე სადმე კანონის მიღება იქნება საჭირო, უნდა მივიღოთ, რადგან კანონიერება თამაშის წესებს განსაზღვრავს. საუბარი არ არის, რომ ვიღაცას რაღაც მოვლენაზე კითხვები გაუჩნდეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. საუბარია იმაზე, როცა მიზანმიმართულად და გააზრებულად დეზინფორმაციისა და ტყუილის გავრცელება ხდება. როცა რომელიმე პირი ან ორგანიზაცია დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას არა თუ უკან წაიღებს, არამედ ჯიუტად აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას - ეს არის ამორალური საქციელი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.