ირანის პროვინცია სისტანი და ბელუჯისტანში ქვიშის ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 733 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სისტანი და ბელუჯისტანის ხუთ ქალაქში: ზაბოლში, ზააკში, ხამონში, ხირმანდსა და ნიმრუზში ქარიშხლების ახალი ტალღის შემდეგ საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებს 733-მა ადამიანმა მიმართა", - აცხადებენ სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს სუნთქვის, გულის და თვალების პრობლემები დაუდგინდათ. 733 დაშავებულიდან 58 ამ დროისთვის კვლავ ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენები კი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს.