გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Radio Liberty ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა 16 აგვისტოს გაიმართება, სადაც მთიან ყარაბაღში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება იქნება განხილული.
სხდომა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც გაეროში სომხეთის ელჩმა მჰერ მარგარიანმა უშიშროების საბჭოსადმი წერილში აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის ხალხი “სრულფასოვანი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე” იმყოფებიან.
სომხეთი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ლიდერები ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანი რეგიონის ბლოკირებას დეკემბრიდან ახდენს, რამაც საჭმლის, წამლებისა და საწვავის დეფიციტი გამოიწვია.
15 აგვისტოს სომხეთის ადამიანის უფლებების დამცველის ოფისმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მთიან ყარაბაღში დაახლოებით 40 წლის მამაკაცი ქრონიკული არასრულფასოვანი კვების, ცილებისა და ენერგიის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.