შეერთებულმა შტატებმა ისრაელს გერმანიისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Arrow 3-ის მიყიდვაზე მწვანე შუქი აუნთო, - ინფორმაციას მედია საშუალებები ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
უწყების ცნობით, 3.3 მილიარდი დოლარის გარიგება თავდაცვის სფეროში მიღწეული ყველაზე დიდი გარიგება იქნება ისრაელის ისტორიაში.
Arrow 3 სისტემა, რომელიც შექმნილია ისრაელისა და აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის უწყებების მიერ, დედამიწის ატმოსფეროს ზემოთ ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლადაა განკუთვნილი.
გერმანიამ განაცხადა, რომ Arrow 3-ის მიწოდებას 2025 წლის მეოთხე კვარტალში ელოდება.
Deutsche Welle წერს, რომ ბერლინი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე თავისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ცდილობს.