ხელისუფლება ხალხს დასცინის და ეუბნება, რომ მარტო ეკონომიკა კი არ დუღს, თურმე, სიღარიბეც და უმუშევრობაც მცირდება. თურმე, მხოლოდ 266 ათასი ადამიანი ყოფილა უმუშევარი, ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს საგარეო ვალი 60 მილიარდზე მეტია, ქვეყანაში 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი და 70 ათასამდე სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს.
მისივე თქმით, თუ მოსახლეობა ხელისუფლებას არ შეცვლის, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
„ხელისუფლება ხალხს დასცინის და ეუბნება, რომ მარტო ეკონომიკა კი არ დუღს, თურმე, სიღარიბეც და უმუშევრობაც მცირდება. თურმე, მხოლოდ 266 ათასი ადამიანი ყოფილა უმუშევარი, ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი ან საჯარო სექტორში მუშაობს ან თვითდასაქმებულიაო. არადა, რეალურად, 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი გვყავს და მათი რაოდენობა, დრამატულად იზრდება. ხოლო საქართველოს საგარეო ვალი 60 მილიარდზე მეტია, რომელიც ჩვენი შვილების გადასახდელია. რომ აღარაფერი ვთქვათ შრომისუნარიანი, განათლებული, აქტიური მოქალაქეების ქვეყნიდან გადინების მზარდ ტენდენციასა და 70 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტზე.
დიახ, რუსულმა ოცნებამ, საკუთარ ოჯახებსა და გარემოცვაში დაამარცხა სიღარიბეც და უმუშევრობაც. ხალხს მილიარდები მოჰპარა ბიუჯეტიდან და გამდიდრდა. შედეგად, მოქალაქეების ძარცვისა და დამცირების ხარჯზე, ღარიბი ხალხისა და ქვეყნის მინისტრები, დეკლარირებული მილიონერები გახდნენ. ისინი, ოჯახის წევრებს, ტყეებს ჩუქნიან. მაშველები, სამხედროები, რიგითი პოლიციელები, ვეტერანები, დევნილები და სხვები კი, წვალებით, გაჭირვებით ცდილობენ შვილების გამოკვებას. ხოლო, თუ ამ ხალხის გამაღარიბებელ რეჟიმს სწრაფად არ შევცვლით, ამ მხრივ, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.