დასავლეთში არის ოფიციალური პირების ჯგუფი, რომელიც უკრაინას რუსეთის სასარგებლო ტერიტორიული კომპრომისებისკენ მოუწოდებს, მაგრამ ომის დასრულების ამ ვარიანტს არც კიევი და არც მოსკოვი არ ეთანხმება, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიაშია აღნიშნული.
გამოცემა წერს, რომ შეერთებული შტატები და მისი მთავარი ევროპელი პარტნიორები, როგორიცაა გერმანია, კატეგორიული წინააღმდეგი არიან ამ ომში რუსეთის ფედერაციის გამარჯვების, მაგრამ ნატო-ს მოკავშირეები უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფადაც არ არიან მზად.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დასავლელ ჩინოვნიკებს შორის არსებობს შიში, რომ უკრაინის მიზნები გამოიწვევს გრძელვადიან ომს და, შესაბამისად, შეიძლება შესთავაზონ კიევს შეთანხმება: დათმოს ოკუპირებული ტერიტორიები ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, ან მიიღოს გრძელვადიანი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის გარანტიები.
გამოცემა წერს, რომ დასავლეთი დაინტერესებულია უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ომის დასრულებით, რადგან ის უარყოფითად აისახება გლობალურ ეკონომიკაზე და ასევე გაურკვეველია, მზად არიან თუ არა ევროპის ქვეყნების მცხოვრებლები, მხარი დაუჭირონ თავიანთი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს, კიევისთვის დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით.