ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი საერთო ევროპული სახლი უკრაინის გარეშე შეიძლება მხოლოდ დაუმთავრებელი გრძელვადიანი მშენებლობა იყოს

დღეს ჩვენ ყველანი ვზეიმობთ უკრაინის დამოუკიდებლობის 32 წლის იუბილეს. 32 წელი უწყვეტი დამოუკიდებლობის, რომელიც გაგრძელდება შემდგომში, რომლის დარღვევაც შეუძლებელია და რომელსაც უკრაინელები ხელიდან არ გაუშვებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წმინდა სოფიას მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ გვახსოვს რა გაიარა უკრაინელმა ხალხმა. ვხედავთ მუქარებს, ვებრძვით და ჩვენ ვიცით, რა შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და გავიმარჯვებთ! უკრაინელი ბავშვები კვლავაც აღნიშნავენ უკრაინის სკვერებსა და ქუჩებში უკრაინის დამოუკიდებლობას, იზეიმებენ ჩვენი შვილიშვილები და მათი შვილიშვილები. იზეიმებენ ჩვენი სახელმწიფოს მეგობრებთან ერთად, უკრაინის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ვისაც უკრაინა თავად აირჩევს ყოველთვის თავისუფლად და უკრაინის ისტორიაში აღარასოდეს იქნება პაუზები. ჩვენ მივცემთ უკრაინას იმ ძალას, რომელიც მას სჭირდება, რათა ყოველთვის გაიმარჯვოს. ჩვენ მკაცრი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც შეეცდება ძირი გამოუთხაროს, გაყიდოს, ან შეასუსტოს უკრაინის ძალაუფლება შიგნიდან და უახლოეს მომავალში, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები გვექნება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან უკრაინის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ უკრაინა ერთიანი არ ყოფილიყო. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა იმსახურებს მსოფლიოს ლიდერებს შორის ყოფნას და იქნება კიდეც.

"მსოფლიო უსმენს და მხარს უჭერს უკრაინას. მსოფლიოს უმრავლესობა უკრაინის გვერდით დგას და ეხმარება, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, უკრაინას ყოველთვის უნდა შეეძლოს თავის დაცვა. დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ უკრაინის ხელოვნურად დაყოფას ბანაკებად, რათა შეუძლებელი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის სწორ ალიანსში გაწევრიანება. უკრაინული გამბედაობა იმსახურებს მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო ალიანსებში ყოფნას. უკრაინა იმსახურებს მსოფლიოს ლიდერებს შორის ყოფნას და იქნება კიდეც! ჩვენი ქვეყანა უკვე უზრუნველყოფს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. უკრაინელო მეომრებო, ეს უსაფრთხოება შეუძლებელია თქვენი ძალის გარეშე, უკრაინის პოტენციალის გარეშე, მთელი ჩვენი ქვეყნის, მთელი ჩვენი ხალხის თავისუფლებისა და შრომის გარეშე. ჩვენი საერთო ევროპული სახლი უკრაინის გარეშე შეიძლება მხოლოდ დაუმთავრებელი გრძელვადიანი მშენებლობა იყოს და მადლობას ვუხდი თითოეულ ლიდერს, ვისაც ეს ესმის", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ღონისძიების ფარგლებში ზელენსკიმ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო