ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტების დასკვნითი საღამო გაიმართა.
მსმენელის წინაშე წარდგნენ მსოფლიოში აღიარებული კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი, ცნობილი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე). საღამოზე აჟღერდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის – სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ. 61 (კ. ჰაინდის ვერსია ვიოლინოსა და სიმებიანი კვინტეტისთვის) ფრანს ლისტის / შარლ გუნოს – ვალსი ოპერიდან „ფაუსტი“ რალფ ვოან უილიამსის – The lark Ascending (ტოროლას აფრენა) სერგეი რახმანინოვის – „სალონური პიესები“ – უნგრული ცეკვა, თხზ.6 №2.
„ღამის სერენადები“ 22 სექტემბრიდან თბილისში გადმოინაცვლებს და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში შეხვდება.
„ძალიან ბედნიერები ვართ. ფესტივალის პირველი სამი კონცერტი დასრულებულია, რომლებმაც უდიდესი წარმატებით ჩაიარა. კონცერტებში მონაწილეობდნენ შესანიშნავი მუსიკოსები, სოლისტები, გვქონდა ძალზედ მდიდარი ვოკალური და ინსტრუმენტალური პროგრამა. შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის არაჩვეულებრივი სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ. 61 (კ. ჰაინდის ვერსია ვიოლინოსა და სიმებიანი კვინტეტისთვის) ფრანს ლისტის / შარლ გუნოს – ვალსი ოპერიდან „ფაუსტი“ რალფ ვოან უილიამსის – The lark Ascending (ტოროლას აფრენა) სერგეი რახმანინოვის – „სალონური პიესები“ – უნგრული ცეკვა, თხზ.6 №2.
ჩვენი ფესტივალი უკვე თბილისში გაგრძელდება - 22, 23 და 24 სექტემბერს დედაქალაქში შევხვდებით მსმენელს. საფესტივალო საღამოები შედგება ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც მსმენელის წინაშე შესანიშნავი ხელოვანები წარდგებიან“, - აღნიშნავს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.
„უბედნიერესი დღეა. „ღამის სერენადები“ კვლავ დაბრუნდა ბათუმში თავისი არაჩვეულებრივი საღამოებით. ძალიან მიხარია, რომ ამ ფესტივალის მონაწილე ვარ. ძალიან სასიამოვნოა მსმენელთან და უნიჭიერეს მონაწილეებთან შეხვედრა. ჩვენმა კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, რომ ნამდვილ მუსიკალურ დღესასწაულს ჩუქნის მუსიკის მოყვარულებს ყოველ წელს“, - აცხადებს ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი.
„უბედნიერესი ვარ, რომ დავუკარი შესანიშნავ ქართველ პიანისტთან თამარ ლიჩელთან ერთად. რახმანინოვისა და უილიამსის ნაწარმოებები შევასრულე და იმედია, მსმენელმა დიდი სიამოვნება მიიღო. დიდი მადლობა, რომ მომეცა საშუალება, ამ ფესტივალის მონაწილე ვყოფილიყავი“, - ამბობს ჰეიონ პარკი.
„უბედნიერესი ვარ, რომ ვმონაწილეობ „ღამის სერენადებში“, რომელიც ლეგენდარულმა ქალბატონმა ლიანა ისაკაძემ დააარსა. ამ ფესტივალს აგრძელებს ისაკაძეების გვარის წარმომადგენელი - გიორგი ისაკაძე, არ იკარგება ეს უძვირფასესი ფესტივალი და მასშტაბურად გრძელდება. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი სოლისტები გვყავდა - ჰეიონ პარკი და თათა ლიჩელი, ჩვენ კვინტეტის სახით, ანუ „საქართველოს ვირტუოზებმაც“ წარმოვადგინეთ ურთულესი პროგრამა, ეს არის ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტის ახლებური ვერსია“, - აღნიშნავს კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე.
ცნობისთვის, ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.
„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ლიანა ისაკაძეს ეკუთვნის.
ისაკაძემ 1982 წელს, აფხაზეთში დააარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა, 2002 -2009 წლებში კი, ფესტივალი ტარდებოდა ბორჯომში „ხელოვნების ზეიმის” სახელით, 2009 წლიდან კი შესაძლებელი გახდა „ღამის სერენადების“აღდგენა და ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა.
ფესტივალი არსებობის მანძილზე არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს მასპინძლობდა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვა.