უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 1 300-ზე მეტი სკოლა მთლიანად განადგურდა, სხვები კი - დაზიანდა, - ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ავრცელებს.
„უკრაინის ტერიტორიაზე სკოლებზე თავდასხმები განუწყვეტლივ გრძელდება, რის გამოც, ბავშვები სწავლისთვის უსაფრთხო სივრცეების გარეშე რჩებიან“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მუდმივი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინაში საგაკვეთილო პროცესს პირადად სრულად სასკოლო ასაკის ბავშვების მხოლოდ მესამედი ესწრება და ბევრს ავიწყდება ის, რაც უკვე ისწავლა.
„ამის გამო უკრაინელ ბავშვებს უწევთ ბრძოლა არა მხოლოდ იმისთვის, რომ განათლების კუთხით პროგრესს მიაღწიონ, არამედ შეინარჩუნონ ის, რაც ისწავლეს, როდესაც მათი სკოლები სრულად ფუნქციონირებდა“, - განაცხადა UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგინა დე დომინიკისმა.
UNICEF-ის განმარტებით, ომის დაწყების შემდეგ ზოგიერთმა სკოლამ პირდაპირი დარტყმა განიცადა, ზოგი კი სიფრთხილის მიზნით დაიხურა.