BBC - რუსეთის ტერიტორიასა და ყირიმში წელს დრონებით 190-ზე მეტი თავდასხმა მოხდა

რუსეთის ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, მიმდინარე წელს, დრონებით 190-ზე მეტი თავდასხმა მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი BBC Verify-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც 2023 წლის დასაწყისიდან ადევნებს თვალყურს რუსულ მედიაში დრონებით თავდასხმების შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

BBC-ი წერს, რომ 30 აგვისტოს ღამის თავდასხმები რუსეთის ექვს ოლქზე ერთ დღეში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა, რაც წლის დასაწყისიდან რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირებულა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2023 წელს დრონებით თავდასხმები კონცენტრირებული იყო ბრიანსკის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.

23 აგვისტოს, ბელგოროდში, დრონით თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დღის წინ კი კურსკში დრონი რკინიგზის სადგურს შეეჯახა, რის შედეგადაც, რუსეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა. 2023 წელს შავ ზღვაში რუსეთის ობიექტებზე, მათ შორის საზღვაო ბაზებზე და ყირიმის ხიდზე, დრონების გამოყენებით ათამდე თავდასხმა განხორციელდა. BBC-ი წერს, რომ დრონებმა მოსკოვის ოლქსაც მიაღწიეს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 450 კილომეტრშია.

გამოცემა განმარტავს, რომ მოსკოვი დრონებით თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. კიევს თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმები "გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია".

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა