პრეზიდენტს ამბიცია აქვს, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აწარმოოს, რისი უფლებაც არ აქვს - დამოუკიდებლად უნდა, რომ მოიფიქროს ვიზიტები და შემდეგ მთავრობა როგორც სამეურნეო მექანიზმი მიეწიოს და უზრუნველყოფს მისი ვოიაჟები, "მივდივარ და ახლა თვითმფრინავში ბენზინი ჩამისხით და მანქანები დამახვედრეთ" შეთანხმება არ არის, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტი ხელს უწყობს ნარატივის დამკვიდრებას, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ქართული ოცნების დამსახურება არ არის. ამასთან, როგორც დეპუტატი აცხადებს, თანხმობა არ ნიშნავს უკვე დაგეგმილ ვიზიტებზე თანხმობის თხოვნას, არამედ მანამდე შეთანხმებაა საჭირო.
„როცა პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია არ ეხება, უფლება აქვს დაარღვიოს უხეშად და ამას იმით ამართლებს, რომ დიადი მიზნები აქვს, ეჭვი ჩნდება, რომ პრეზიდენტი ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აწარმოოს პოლიტიკა, რომელიც მთავრობასთან შეთანხმებული არ არის. კონსტიტუციით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, მაგრამ მას ჰგონია, რომ დამოუკიდებლად უნდა მოიფიქროს რაღაც ვიზიტები და შემდეგ მთავრობა როგორც სამეურნეო მექანიზმი უნდა მიეწიოს და უზრუნველყოფს მისი ვოიაჟები. ნახეთ, რა მიზანი აქვს ამას ყველაფერს - დიდი ხანია ვხედავთ, რომ მისი განცხადებები ემთხვევა გარკვეული ოპოზიციის განცხადებებს, რომ „მთავრობა არ იმსახურებს, ხალხი იმსახურებს“. ეს ხშირად უთქვამს მას და ამ მოწოდებებით გამოსულა, მას სულ არ აქვს ინტერესი, რომ მთავრობის პოლიტიკის გატარებაში იყოს თანამოზიარე, მას აქვს ამბიცია დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აწარმოოს, რისი უფლებაც მას არ აქვს. [მთავრობის პოლიტიკას და პრეზიდენტს შორის] აცდენა იმ ნარატივის გაგრძელებაშია, რასაც დიდი ხანია ამკვიდრებენ, რომ თუ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს არაფერ შუაში იქნება მთავრობა, იქნება მხოლოდ ხალხის და ოპოზიციის დამსახურება. სალომე ზურაბიშვილი უნდა დაუბრუნდეს საკონსტიტუციო ჩარჩოებს, ის არის ქვეყნის კონსტიტუციის გარანტი და პირველი არღვევს მას! შეთანხმება ის კი არ არის, მივდივარ და ახლა თვითმფრინავში ბენზინი ჩამისხით და მანქანები დამახვედრეთო, შეთანხმება ის არის, რაც ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში ხდება, როცა მთავრობა განსაზღვრავს მთლიანად საგარეო პოლიტიკას, პრეზიდენტის ჩართულობა არის განპირობებული მთავრობის სურვილიდან გამომდინარე და თუ პრეზიდენტს გააჩნია გარკვეული შემოთავაზება, წინასწარ ხდება ამ საკითხის გავლა მთავრობასთან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.