თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებები მან მოსკოვში, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ფიდანმა, რომლისთვისაც საგარეო საქმეთა მინისტრის როლში ეს პირველი ვიზიტია რუსეთში, ხაზი გაუსვა მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის მნიშვნელობას და თურქეთის მზაობა დაადასტურა ამ მხრივ ძალისხმევაში შეიტანოს წვლილი.
„გავაგრძელებთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე მუშაობას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვისა და მშვიდობისთვის“, - განაცხადა ფიდანმა.
მისი თქმით, გაერო-მ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე შეთავაზებების ახალი პაკეტი მოამზადა.
„ვთვლით, რომ ეს სათანადო ნიადაგს უზრუნველყოფს შეთანხმების აღსადგენად”, - განაცხადა ფიდანმა.